Fall 2008: ახალი სატელევიზიო სეზონი აშშ-ში

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.

შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია – ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D
მივყვეთ სათითაოდ. წლევანდელი შემოდგომა ამერიკულ ტელევიზორებში (და ჩვენ ტორენტებში :D) ასე გამოიყურება:

Deal or No Deal / კი თუ არა

მეოთხე სეზონი NBC-ზე 25 აგვისტოს დაიწყო. ტრადიციული წამყვანით, გოგონებით და ჩემოდნებით :) ასევე, ვინც არ იცით, ახალი სეზონიდან ამ შოუს ჩვენთანაც ვიხილავთ – მალე რუსთავი2-ზე შოუს ქართული ვერსიის პრემიერა შედგება.

Prison Break / გაქცევა

ასევე მეოთხე სეზონი. პრემიერა უკვე შედგა, 1 სექტემბერს. რა ვქნა, მე პირადად მაინც ვერ დავუდე ამ სერიალს გული :D თავიდანვე ვერ მოვიცალე თითქოს ჩასაჯდომად. და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო და უფრო მეზარება… ძალიან ”გაპაპსავდა” ვითომ და აღარ ვკადრულობ? :D

Terminator: The Sarah Connor Chronicles / ტერმინატორი: სარა კონორის ქრონიკები

ახალი სეზონი Fox-ზე, ხვალ, 8 სექტემბერს დაიწყება. ლეგენდარული ტერმინატორის სპინ-ოფი. სერიალი, რომელსაც თავიდანვე რაღაც სკეპტიკურად და აგრესიულად შევხვდი; და პროტესტის ნიშნად არ მინახავს არცერთი სერია. :D არ მიყვარს, მსგავსად თითიდან გამოწოვილად რომ მოინდომებენ ხოლმე უკვე წარსულს ჩაბარებულ კლასიკაზე ხელის მოთბობას. მაგრამ ამ შოუს იმდენი დადებითი გამოხმაურება აქვს, და თანაც, მეორე სეზონისთვისაც განუახლებიათ, რომ ალბათ მომავალ ზაფხულზე მაინც გადავხედავ რამოდენიმე სერიას :P

Heroes / გმირები

მესამე სეზონი 23 სექტემბერს გავა ეთერში. ძალიან, ძალიან კარგი შოუ :) პირველმა სეზონმა ძალიან მასიამოვნა, არადა, მეთვითონ არ ველოდი ასეთ ეფექტს. ვაღიარებ, რომ იყო სცენარისტების აზრთა დინების რამოდენიმე გაკვანძვა მთელი სიუჟეტის მანძილზე :D, რამოდენიმე ლაფსუსი და ალოგიკური მომენტიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დაიმსახურა ჩემი უდიდესი სიმპატიები და რესპექტები. შეიძლება, ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან ვიყავი მონატრებული ხარისხიან sci-fi-ს და X-Files-ისეულ WTF? განწყობას სერიალის ყურებისას :D ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ ზაფხულში ნიჭიერად გადამღერებული X-Men-ის ერთდროულად ორი სეზონი მექნება სანახავი :x

How I Met Your Mother / როგორ გავიცანი დედაშენი

ეს მშვენიერი სიტკომი 22 სექტემბრიდან დაბრუნდება მეოთხე სეზონით. ამბავი იმაზე, თუ როგორ უყვება 2030 წელს მამა საკუთარ თინეიჯერ შვილებს ჩვენს დროში მომხდარ ისტორიას, თავის ცოლთან შეხვედრის შესახებ. :) რამოდენიმე თვის წინ ვნახე პირველი სერია და ნამდვილად მომეწონა. აუცილებლად ვაპირებ ნახვას. ნელნელა გამოვდივარ 2 წლის წინ შესულ დეპრესიაში, როცა Friends-ის ნახვის შემდეგ მისი დონის სიტკომს ვერ ვპოულობდი რომ ”ლომკა” მომეხსნა :((( ახლა უკვე ვხვდები, უნდა შევეგუო, რომ მსგავსი არ გადაღებულა და ვერც გადაიღებენ. უნდა დავკმაყოფილდე იმით, რაც არის :) არადა, ბევრი საკმაოდ ნორმალური შოუ გადაიღეს უკანასკნელ წლებში. მოვიცლი ამ დღეებში და აუცილებლად მივუძღვნი ცალკე პოსტს ახალ სიტკომებს :)

America’s Toughest Jobs / ამერიკის ყველაზე რთული სამუშაოები

ამ ახალი რეალითი-შოუს პრემიერა NBC-ზე 25 აგვისტოს შედგა. არაფერი ახალი და განსაკუთრებული – ყოველი კვირის მანძილზე 13 ადამიანი ყველაზე რთული და ფიზიკურად დამღლელი პროფესიების სამუშაოს შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრება. ყოველი კვირის ბოლოს, ამ გუნდს ერთი, ყველაზე ცუდი მომუშავე აკლდება. 13 კვირის შემდეგ კი, უკანასკნელი დარჩენილი პრიზად ყველა ამ პროფესიის ადამიანის წლიური ხელფასების ჯამს მიიღებს :D ნამდვილად გასაკვირია, რატომ გადაწყვიტა NBC-მ მსგავსი ვინტაჟისთვის პრაიმ-ტაიმში მთელი ერთი საათის დათმობა :D უამრავი უარყოფითი გამოხმაურების გარეშეც ხომ ცხადია – მსგავსმა ფორმატმა მოჭამა უკვე თავისი, რაღატომ ვაწვალებთ?

90210 / 90210 (:P)

მიცვალებული CW-მ გააცოცხლა :D 90-იანების ლეგენდარული ბევერლი-ჰილზის გაგრძელება 2 სექტემბერს გავიდა ეთერში. ამ შოუს თავის დროზე უამრავი ფანი ყავდა. დღეს კი, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს :D ჩემთვის კი არაფერი საინტერესო – კლასიკური 90210-ისთვის ჩემმა თაობამ დაიგვიანა; ამის ყურება კი, სიმართლე რომ ვთქვა, მეზარება :P (თანაც, ობიექტური ტელეკრიტიკოსები მაინცდამაინც არ გაგიჟებულან)

House M.D. / ჰაუსი

მეხუთე სეზონის პრემიერა 16 სექტემბერს შედგება (:ურა: :ვაშა:) :D ძალიან, ძალიან კარგი შოუ! ერთ-ერთი საუკეთესო, უკანასკნელ წლებში. ისტორიები, სადაც ანტაგონისტად სხვადასხვა რთულად დიაგნოზირებადი დაავადებები გვევლინება, მთავარი გმირი კი გენიალური ექიმი ჰაუსია – ადამიანი, რომელიც არავის ენდობა, პირველ რიგში კი – საკუთარ პაციენტებს. იგი ჩემთვის სარკაზმის, დემაგოგიის, ცინიზმის და შავი იუმორის ეტალონია! :D წამებს ვითვლი ახალ სეზონამდე, შემომიერთდით :)

CSI, CSI: NY, CSI: Miami / CSI, CSI: ნიუ-იორკი, CSI: მაიამი

კლასიკური CSI-ს პრემიერა 9 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ნიუ-იორკელი გამომძიებლები საქმეს 24 სექტემბერს შეუდგებიან, ხოლო მაიამიში კი, გამოძიების სეზონი 22 სექტემბერს განახლდება. ალბათ სეზონების სათვალავი უკვე ყველას აერია, მაგრამ ეს შოუები მაინც დიდი ინერციით აგრძელებენ არსებობას :D მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო NY-ის ნახვა შევძელი, მაინც დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ სერიების, რომლებმაც (როგორც იქნა) მოახერხეს და სერიოზული აპგრეიდი გაუკეთეს პოლიციური/დეტექტიური შოუს ფორმატს. და სწორედ ამიტომ იყო, რომ გამოსვლის დღიდან CSI-ს მთლიანმა ფრენჩაიზმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მოულოდნელად მსგავსი შოუთი ყველა დაინტერესდა – დიასახლისიდან დაწყებული და სათვალეებიანი გიკით დამთავრებული, რომელიც კრიმინალისტიკური ლაბორატორიის სცენებისას ორგაზმს განიცდიდა :D

Survivor / უკანასკნელი გმირი

18 სექტემბერს მორიგ კუნძულზე CBS უკვე მეჩვიდმეტე (!) სეზონს დაიწყებს :D როგორც ჩანს, ჯერკიდევ არ მობეზრებია ამერიკელ მაყურებელს საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ჭუჭყიანი ხალხის ყურება :D რამოდენიმე სელებრითი და ოლ-სტარ ვერსიის შემდეგ, შოუ ისევ next-door ადამიანებს ჩაყრის უკაცრიელ კუნძულზე და მთელი სეზონის მანძილზე მათ ტანჯვა-წამებას დააკვირდება პოპკორნმომარჯვებული. მართალია, უკვე ძალიან ძველი, ხავსმოკიდებული და გაცვეთილია, მაგრამ Survivor მაინც რჩება რეალითის ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჟანრად :)

Ugly Betty / მახინჯი ბეტი

ABC-ზე მესამე სეზონის პრემიერა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი. ბეტი სუარეზმა მომენტალურად შეაყვარა თავი უამრავ მაყურებელს. შოუმ ჯერკიდევ პირველი რამოდენიმე სერიის მანძილზე მოიპოვა საკმაოდ დიდი წარმატება. ეს არის ისტორია უშნო, მაგრამ ძალიან ნიჭიერ და შრომისმოყვარე გოგოზე, რომელიც თავისი ოცნების ახდენისთვის არაფერს იშურებს – მას საგამომცემლო ბიზნესში უნდა მუშაობა :)

Grey’s Anatomy / გრეის ანატომია

არაჩვეულებრივი გრეის ანატომია 25 სექტემბერს, სპეციალური 2-საათიანი ეპიზოდით გახსნის მეხუთე სეზონს. ABC კვლავ ინარჩუნებს თავისი ხარისხის ტრენდს – ეს შოუც ამის ნათელი მაგალითია. ძალიან საყვარელი, თბილი, საინტერესო და პოპულარული სერიალი უკვე მეხუთე წელია ეთერშია. თითქოს ER-ის შემდეგ სამედიცინო დრამის ჟანრში ახალი სიტყვის თქმა ძნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ სერიალის შემქმნელებმა ეს მაინც მოახერხეს. შესანიშნავი სცენარი, პერსონაჟების ზედმიწევნით ზუსტი განვითარება, სწორად შერჩეული თემები და პაციენტები ყოველი ეპიზოდისთვის და დრამის, საპნისა და კომედიის ძალიან ნიჭიერი კომბინაცია – ეს გრეის ანატომიაა. :) იმედია, მეხუთე სეზონი მესამის მსგავსი იქნება და წინა სეზონის მცირე ჩავარდნას არ გაიმეორებს ;)

The Office / ოფისი

25 სექტემბერი! მაიკლ სკოტი და დანდერ-მიფლინის სკრენტონის ფილიალი მეხუთე სეზონით ბრუნდება! :) ამ შოუზე ბევრს ვერ ილაპარაკებ, ეს უბრალოდ უნდა ნახო! NBC-ის ოფისი არის ბრიტანული, BBC-ის ორიგინალი შოუს ამერიკული ვარიანტი. მოკუმენტარულ ჟანრში გადაღებული სიტკომი უნიკალური რამეა. მსგავსი იუმორი, სიტუაციები და პერსონაჟები ერთად თავმოყრილი, არსად შემხვედრია არასოდეს. ეს არის შოუ, რომლის ყოველი ეპიზოდი დადებული სიცილის, მუსიკალური გაფორმების და ყველანაირი ეფექტების გარეშე ქმნის ყველაზე სასაცილო და ყველაზე ჯანსაღ დაცინვას ტიპიურ საოფისე სამუშაოზე. თითქმის ყველა სერია განსაკუთრებით ახლოს იმათთვის იქნება, ვისაც ერთი კვირა მაინც უმუშავია ოფისში :D

ER / სასწრაფო

ნამდვილად, ნამდვილად :D არ შემშლია – ეს შოუ კვლავ არსებობობს :D 25 სექტემბერს მისი მე-15 სეზონის პრემიერა შედგება! რათქმაუნდა თავდაპირველ ბუმთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ახლა რეიტინგი თითქმის აღარ აქვს, მაგრამ იგი მაინც არ ჩამოდის პრაიმტაიმიდან. სასწრაფოს კვლავ შემორჩა ერთგული მაყურებლები :) სერიალმა ყველაფერს გაუძლო, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის რამოდენიმე თაობასაც კი, მაგრამ ასეთი დრამის ფორმატი იმდენად მოქნილია, რომ სცენარისტებს ნებისმიერი სიტუაციის და ისტორიის ჩასმის საშუალებას აძლევს ჩიკაგოს ფიქტიური ჰოსპიტლის კედლებში. და, მაყურებელიც კმაყოფილია :)

Life On Mars / სიცოცხლე მარსზე

მისი პრემიერა ABC-ზე 9 ოქტომბერს შედგება. ამ არხმა 20th Century Fox TV-სთან ერთად BBC-ს პოპულარული დრამის რიმეიკის შექმნა გადაწყვიტა. Life On Mars შარშან დაიწყო დიდ ბრიტანეთში და საკმაოდ მალე მოიპოვა მაყურებლების სიმპათია. ოქტომბრიდან კი, სერიალის ამერიკული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი. სიუჟეტის მიხედვით, ჩვენ დროში მცხოვრები გამომძიებელი ავტოავარიის შემდეგად 1970-იან წლებში გადაინაცვლებს. იქ იგი კვლავ გამომძიებლად აგრძელებს მუშაობას და სერიული მკვლელის საქმეს გადააწყდება, რომლის ხელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ დღეს გამომძიებლის შეყვარებულის მოტაცებაშია გარეული. ვნახოთ რა გამოვა, ბრიტანული პირველი სერიის შემდეგ ვეღარ გავქაჩე, ინგლისურ აქცენტთან ჩემი არამეგობრული დამოკიდებულების გამო :D

Numb3rs / რიცხ3ები

3 ოქტომბერს შოუ მეხუთე სეზონით ბრუნდება. ეს კრიმინალური დრამაა FBI-ს აგენტებზე, რომლებიც მათემატიკის გამოყენებით რთულ საქმეებს ხსნიან ხოლმე. ერთ-ერთი აგენტი თავის გენიოს ძმას სპეციალურად ამზადებს, რათა ლოს-ანჯელესში მომხდარი სხვადასხვა დანაშაულებების გამოძიებაში რიცხვების საშუალებით დაეხმაროს. პირველი სეზონიდან ვცდილობ ერთი ეპიზოდის დაგემოვნებას მაინც, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. წელს შევეცდები გამოვასწორო :) ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტი Superb შეფასებას აძლევს ;)

MADtv / მედ-თივი

შოუს მე-14 სეზონი 13 სექტემბერს დაიწყება. ეს სკეტჩ-შოუ ერთადერთი რეალური კონკურენტია, რომელიც Saturday Night Live-ს ამდენი ათწლეულის მანძილზე პირველად გამოუჩნდა :) ახალი სისხლით, ცოცხალი სახეებით და MAD Magazine-ის გიჟური იუმორის სტილით MADtv თავიდანვე განწირული იყო პოპულარობისთვის. :D ჯანსაღი სატირა თანამედროვე პოპ-კულტურაზე, ტელევიზიაზე, ცხოვრების წესზე და ყოველდღიურობაზე. ტორენტებზე მთლიანი ეპიზოდები იშვიათად ჩნდება ხოლმე, თუმცა, საუკეთესო სკეტჩები YouTube-ზეა ხელმისაწვდომი.

The Simpsons / სიმფსონები

საიუბილეო, მეოცე სეზონი, 28 სექტემბრიდან კვლავ Fox-ზე :) ბევრი აკრიტიკებს უკვე ამ შოუს, ბევრი იძახის, რომ ”ეს ის სიმფსონები აღარაა”, ბევრს მობეზრდა… მაგრამ ჩემთვის მისი ყოველი სერია ისეთივე გენიალურია, როგორც 8-9 წლის წინ, როდესაც პირველად მაზიარა ამ ტელეშედევრს რუსთავი2-მა და RenTV-მ :D უკანასკნელ წლებში მართლაც იყო მცირე ჩავარდნა სიუჟეტებში, აშკარად ეტყობოდათ სცენარისტებს გამოფიტვა. მაგრამ The Simpsons Movie-მ და მომდევნო მე-19 სეზონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა :) იმედია, ეს ტემპი არც მეოცეში დავარდება. Go Bartman! :)))

True Blood / ნამდვილი სისხლი

ამ ახალი შოუს პრემიერა HBO-ზე 7 სექტემბერს შედგა. მისი შემქმნელია ალან ბოლი (Alan Ball) – გენიალური Six Feet Under-ის ავტორი, სწორედ ამიტომ დამაინტერესა განსაკუთრებით ამ სერიალმა. სიუჟეტი ტელეპატი ბარმენი გოგოს, სტუკი სტექჰაუსის გარშემო ვითარდება, რომელიც ამ თავისი უნარის საიდუმლოდ შენახვას ცდილობს. სწორედ ამიტომ, იგი ვამპირებთან ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. რადგან ვამპირების ტვინს ტალღური აქტივობა არ გააჩნია, სტუკიც მათი წაკითხვით არ იღლება. სერიალის სამყაროში ყველა ვამპირი უკვე გახსნილად ცხოვრობს, რის საშუალებასაც მათ იაპონური წარმოების სინთეტიკური სისხლი აძლევს, რომელიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში… მოკლედ, სიუჟეტით დიდად არ გავგიჟებულვარ, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ ალან ბოლისა და HBO-ს თანამშრომლობა SFU-ს წარმატების ნახევარს მაინც გაიმეორებს :)

Family Guy / მეოჯახე

მეშვიდე სეზონი 28 სექტემბერს დაიწყება. ვაღიარებ :D რა ვქნა, უძლური ვარ, ვაღიარებ, რომ ძალიან მაგარია Family Guy! :))) დაწყების დღიდან პირველი მტერი ვიყავი ამ სერიალის. პლაგიატზე და ზოგადად, მიბაძვა-კოპირების თემაზე სერიოზული გართულება მჭირს. ამიტომ, ეს შოუც, როგორც სიმფსონების ზუსტი ასლი, თავიდანვე ვერ ავიტანე :D მაგრამ, კონცეფციის და პერსონაჟების კოპირების მიუხედავად, იგი მაინც თავის კალაპოტში გადავიდა და საკმაოდ წარმატებითაც. სიმფსონებისგან განსხვავებით აქ უფრო თამამი და ”პახაბნი” იუმორია :D მოკლედ, მაინც არ შევადარებ სიმფსონებს – ის ცალკე გენიაა, მაგრამ ეს შოუც ნამდვილადაა დაფასების ღირსი :) კარგია, ძალიან კარგი ;)

Desperate Housewives / სასოწარკვეთილი დიასახლისები

28 სექტემბერს ახალი, მეხუთე სეზონის პრემიერა შედგება :) არაჩვეულებრივი სერიალი, შესანიშნავი გმირებით, მსახიობებითა და სიუჟეტით. ვისაც ჯერკიდევ არ გაქვთ ნანახი სხვადასხვა კომპლექსების გამო :D გირჩევთ დღესვე დაიწყოთ! :P არ არის ეს შაბლონური საპნის ოპერა და არც მხოლოდ ქალებზე ორიენტირებული სერიალი. ეს ბევრად მეტია :) ეს არის ძალიან კარგი იუმორის, თრილერისა და დრამის ნიჭიერი ნაზავი, გაჯერებული ჯანსაღი სატირით ამერიკული სუბურბიის ყოველდღიურობაზე. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საყურებელია, one of my favorites :) და კიდევ, ზოგიერთმა გაითვალისწინოს -არანაირი საერთო არ აქვთ ამას და SATC-ს :D ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე Sluts and the City :P :D

Dexter / დექსტერი

დექსტერი მესამე სეზონით 28 სექტემბერს ბრუნდება. აშკარად არის ამ შოუში რაღაც, რაც ვერ დავიჭირე ერთი სერიის ნახვით. აუცილებლად უნდა მივუბრუნდე :) ეს არის სერიალი, სადაც ნაჩვენებია დექსტერ მორგანის ყოველდღიური ცხოვრება. იგი მაიამის პოლიციის კრიმინალისტია, რომელიც სისხლის ლაქებზე და დანაშაულის ადგილის ექსპერტიზაზე სპეციალიზირდება. მას ყავს და და მეგობარი ქალი. და ამ ყველაფერთან ერთად, ცხოვრობს ძალიან აქტიური ღამის ცხოვრებით. დღის ამ პერიოდში იგი ფარულად დასდევს და სასტიკად უსწორდება იმ ადამიანებს, რომლებმაც მოხერხებული ადვოკატების ან მტკიცებულებების არარსებობის გამო სასჯელს თავი დააღწიეს და მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას. თუმცა, დროებით, სანამ დექსტერი არ იპოვის მათ :)

Entourage / ანტურაჟი

შოუს მეხუთე სეზონი 7 სექტემბერს დაიწყება. ანტურაჟი ძალიან კარგი კომედიური დრამაა, ერთი ამოსუნთქვით ვნახე პირველი ორი სეზონი რამოდენიმე თვის წინ :) სერიალი ჰოლივუდის ახლად გაბრწყინებული ვარსკვლავის – ვინსენტ ჩეიზის ცხოვრებას მიყვება. ვინსი კინორეჟისორების ახალი აღმოჩენაა და მას სულ უფრო და უფრო მეტ ბლოკბასტერში უწევს მონაწილეობის მიღება. ამ წარმატებებს კი მისი ბავშვობის ის 3 მეგობარიც იზიარებს, რომლებთანაც ერთად გაიარა მან გრძელი გზა ქუინსიდან ჰოლივუდამდე. ყოველი 20 წუთიანი ეპიზოდი ერთნაირადაა სავსე როგორც ძალიან კარგი ხუმრობებით, ისე – სერიოზული დიალოგებითა და საინტერესო ურთიერთობებით. ყველაფერი ეს და დამატებით, ძალიან ახლოდან ნაჩვენები ყველაზე high-level ჰოლივუდური წვეულებები და თავყრილობები, შოუს ძალიან გემრიელ საყურებელს ხდის :)

მოკლედ, ძირითადად ეს იყო, რისი ამოკრებაც შევძელი იმ ჩემთვის ნაცნობი შოუებიდან, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში გავლენ ეთერში. თუმცა, კიდევ უამრავი ცოტა მოგვიანებით, ან იანვრის სეზონიდან განახლდება (მაგალითად, Scrubs, 24, Lost…) იმედია, ამ პერიოდისთვის ქართული არხებიც მოამზადებენ რამე ისეთს, რომ დაწერად ღირდეს.
და, იმედია, ყველას გვექნება ამის განწყობა :)

17 კომენტარი

  1. Kate says:

    რა დატვირთული ყოფილა ამერიკული ტელემაუწყებლობა.

    ჩვენთან ნეტავ რა სიტუაცია იქნება ამ მხრივ???

  2. ვა, რამდენი შოუ ყოფილა!
    მაგრამ აქედან ჩემთვის მარტო სიმფსონებია საინტერესო, დანარჩენზე არც დრო მაქვს და არც სურვილი :P

  3. ველოდები ოფისს და ჰაუსს.

    ნუ FG-საც იასნია. ამხსოვს შენი სკეპტიკური გამოსვლები ამის წინააღმდეგ და მიხარია, რომ აღიარე მისი გენია :D აი მართლა ტუპოი რომელია იცი? Aმერიცან დად – თუ გაქვს ნანახი ერთი სერია მაინც. პიუკ.

    Dh პირველი რამდენიმე სერია მაქვს ნანახი მარტო. ხო არ დამცინო :D მოვიცლი მაგისთვისაც :D

  4. წოწ! :)))

    მაგარია მაგარი.

    მაგრამ სატც-ის მერე სასოწარკვეთილებს როგორ ვუყურო

    |6_6|

  5. Dv0rsky says:

    კარიკატურამ დაგლიჯა :)

  6. ვა ლოსტი გაგრძელდება?
    ისე გრეის ანატომიის 3 სეზონი მაქვს ნანახი და კიდე ვნახავდი სიამოვნებით :) კარგი სერიალია.
    და სასოწარკვეთილები არ იქნება?

  7. iverson says:

    ჰჰჰ როოკოოოო SUPERNATURALი როგორ გამოტოვე!!!!! OMGGGG

    18 სექტემბერს იწყება მეოთხე სეზონი :user:

  8. Jimmy Cooper says:

    ძალიან კარგი მიმოხილვაა. ნეტა როდის ვეღირსებით, რომ ჩვენს ტელესივრცეშიც ასეთი მრავალფერობნება სუფევდეს.

    ისე, ჯოშ შვარცის შოუებმა რა დაგიშავა? Chuck და OMFG GG-მა? რაც არ უნდა იყოს, ერთი ინფორმაციის ქვეცნობიერში ჩამოტვირთვაზეა, ხოლო მეორე საერთოდ ბლოგია ;-)

    ან კიდევ, თინეიჯერების საყვარელ OTH-ზეც დაგეწერა რამე.

    მოკლედ, კიდევ ერთხელ, მაგარი მიმოხილვაა და იმედია სხვა შოუებითაც გაგვანათლებ ხოლმე ორი სიტყვით.

  9. Rocko says:

    არცერთ სერიალს არაფერი დაუშავებია :))
    უბრალოდ, ისინი ჩამოვწერე, რომელიც მე მაქვს ნანახი ან რომელზეც რაიმე ინფო მქონდა. თორემ შემეძლო ყველა შოუს სათაური ჩამომეთვალა უბრალოდ და პრემიერის თარიღი მიმეწერა :D

  10. კაი ბიჭი 2.0 says:

    Family Guy FTW!

  11. თიკო says:

    კარიკატურამ მართლა დაგლიჯა :D

  12. თიკო says:

    როკო, გეთაყვა, ვინძლო გადმოაფრქვიო ჩემს მხოლოდშობილ ბლოგს შენი ბლოგის პოპულარობის შარავანდედიდან გამონაშუქი მცირედი ნათელი და მისი მოკრძალებული ბმული ბლოგზე განთავსებულ რჩეულთა შორის განათავსო :D

  13. ANDY says:

    მე ამ შოუებიდან , სასოწარკვეთილებს ველოდები და კიდევ “ზღვარს” მაინტერესებს ჯეი.ჯეის ახალი ნამუშევარი. ნუ რათქმაუნდა 1 ეპიზოდს უკვე ვუყურე.

  14. ჰაუსი საუკეთესოა!!!!!!!!!!!!!!!

  15. DatoS says:

    ჩვენთან კიდე ველური კატაა :D

  16. ნიკა says:

    True Blood / ნამდვილი სისხლი

    შოუს პარალელურად წიგნებს ვკითხულობ. ამჟამად 9 წიგნია გამოსული. მთლიან ჯამში წიგნების მიხედვით არის გადაღებული თუმცა ადაპტაციაა

    Dexter / დექსტერი

    ამ შოუს ეხლახანს ჩაუჯექი და კომპს ვერ ვშორდები, 1 კვირაში უკვე 2 სეზონს უყურე. პირველი შედარებით ჯობდა დასასრულიც ტრაგი-კომედია იყო

კომენტარის დამატება