გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე

დონორის ბარათი

ალბათ ყველას გინახავთ მინიმუმ ერთი ისეთი ფილმი, ან წაგიკითხავთ ერთი ნოველა მაინც, რომელშიც ორგანოს დონაციის თემაა გაჟღერებული. აი ის, ყელში ამოსული სიუჟეტური ხაზი — რომელიმე პერსონაჟი მძიმედ ავადაა, სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი გული (ან თირკმელი, ან ღვიძლი…), მისი არცერთი ნათესავი არ არის თავსებადი და ა.შ. და ა.შ.

არ ვიცი, ზუსტად რა არის ამ თემის ასეთი პოპულარობის მიზეზი. შეიძლება, ეს უბრალოდ სცენარისტთა ამოწურული ფანტაზიის შედეგია, მაგრამ შეიძლება — მიზანმიმართული აქცია, რომლის ფუნქციაც მსგავსი საშინელი მომენტის დეტალების ფართო მასებისთვის გაცნობა და იმის ნათლად ჩვენებაა, რომ ტრანსპლანტაციის საჭიროების წინაშე ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება დადგეს. ჩემი ეს პოსტიც მსგავსი ფუნქციის იქნება. და ამით მინდა ერთგვარი მინი-აქცია დავიწყოთ, ქართულ ინტერნეტში მაინც :)

გადაიკითხეთ ეს პოსტი და თუ გადაწყვეტთ დონორობას, გადააწყვეტინეთ თქვენს ნაცნობებსაც, დაწერეთ ამის შესახებ საკუთარ ბლოგშიც, დაიყენეთ სტატუსი ფეისბუქში, ტვიტერში, თუნდაც “ოდნოებზე”. :D
და თუ არ გადაწყვეტთ დონორობას — მიზეზი დამიწერეთ კომენტარებში, რეალურად მაინტერესებს, რატომ შეიძლება შეიკავო თავი ამ მოქმედებისგან :)

მე 4 თვის წინ ჩავერთე გვამური დონაციის ქართულ პროგრამაში. (ჩემი ბლოგი რომ ოპერატიულობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, გეცოდინებათ, ამიტომ, მხოლოდ ახლა რომ ვწერ ამის შესახებ, არ შეიმჩნიოთ). ასეთი პროგრამის მოძებნის იდეა ალბათ ერთი წლის წინ გამიჩნდა, House-ის ან Grey’s Anatomy-ს რომელიმე გულისამაჩუყებელი სერიის ნახვის შემდეგ (ძალიან გავსენტიმენტალურდი ამ ბოლო დროს :D)
მას შემდეგ, პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე და ვცდილობდი მეპოვა ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ უშედეგოდ. და ბოლოს, ერთმა ნაცნობმა ქირურგმა მიმასწავლა „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია“. ყველა სახის ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა უკვე ვიცოდი, ამიტომ მისვლიდან ერთ კვირაში ასოციაციის დონორის ბარათის ამაყი მფლობელი გავხდი :)

როგორც გაირკვა, ეს ასოციაცია საქართველოში უკვე 13 წელია რაც არსებობს. ბოლო რამდენიმე წელიწადია კი, მათ აქვთ “ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურა”. ამ პროგრამაში ჩართვა უფასო და ნებაყოფლობითია.

ახლა კი, ზოგადად, რას გულისხმობს გვამური დონაცია?
გვამური დონაცია არის პროგრამა, რომელში ჩართული ადამიანებიც ადასტურებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ, მათი ორგანოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანსპლანტაციისთვის. უფრო მარტივად: გაწევრიანებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი დაღუპვის შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანო ან ქსოვილი ვარგისი იქნება გადანერგვისთვის, გამოიყენონ იგი სხვა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

რეალურად, იმდენად ცხადი გადაწყვეტილებაა, რომ ფიქრი არც უნდა ჭირდებოდეს. გარდაცვალების შემდეგ გეძლევათ შანსი, რომ გააკეთოთ უკანასკნელი კეთილი საქმე — გადაარჩინოთ მომაკვდავი ადამიანი, რომელსაც სჭირდება თქვენი ორგანო! ორგანო, რომელიც თქვენ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აღარაფერში გარგიათ :)
თუმცა, მიუხედავად ამისა, დონორად გახდომამდე მაინც არსებობს რაღაც შეკითხვები. ახლა შევეცდები იმ კითხვებს ვუპასუხო, რომლებიც პირადად მე დამებადა და მათაც, რომლებიც ჩემმა ნაცნობებმა დამისვეს ამ ამბის გაგების შემდეგ, ბევრი მათგანი დღემდე რომ უცხოპლანეტელივით მიყურებს :))

მიუხედავად პროგრამაში ჩართვით დასტურისა, გარდაცვალების შემთხვევაში, ორგანოს დონაციაზე საბოლოო თანხმობა მაინც თქვენმა მშობელმა (მეუღლემ, დამ, ძმამ, შვილმა…) უნდა გასცეს. ცხადია, რომ ასეთ მომენტში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის ურთულესი იქნება, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს — რატომღაც ვფიქრობ, მომავალში იმის გაცნობიერება, რომ შენი ახლობელი ადამიანის დაღუპვამ სხვის ახლობელს სიცოცხლე აჩუქა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნათელი წერტილი იქნება ამ ტრაგედიაში.

რეგისტრაციის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელი ორგანოს ან ქსოვილის დონაციაზე ხართ თანახმა. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა, ერთ-ერთი ან რამდენიმე. სია ასე გამოიყურება: თირკმელი, პანკრეასი, ღვიძლი, ფილტვები, ნაწლავი, გული, კანი, ვენები, ძვალი, გულის სარქველები და თვალის რქოვანა.

დონორობა არის უფასო. რეგისტრაციისთვის არც თქვენ გადაგიხდით ვინმე თანხას. ეს წმინდაწყლის ალტრუისტული ქმედებაა :)

სხეულის ორგანოს დონაციისთვის მომზადება იწყება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. “გარდაცვალებაში” იგულისხმება ტვინის კლინიკურად დაფიქსირებული სიკვდილი.

დონორთა პროგრამის სია კონფიდენციალური დოკუმენტია. თუ თავად არ გაახმაურებთ ამ ფაქტს, ვერავინ გაიგებს, ვინ არის ამ პროგრამის მონაწილე. რეგისტრაციის დროს არ უთითებთ თქვენს სისხლის ჯგუფს და სხვა ფიზიოლოგიურ მონაცემებს. კონკრეტულ ავადმყოფთან თქვენი ორგანოების თავსებადობის შემოწმება ხდება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ! ასერომ, მომაკვდავის სასოწარკვეთილი ახლობელი არ დაიქირავებს მკვლელს თქვენს მოსაკლავად (ჩემი ერთი ნაცნობის ვერსია :D).

მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია არ ეწინააღმდეგება გვამურ დონაციას. ზოგი მოძღვრის აზრით, ერთადერთი მიუღებელი, რაც ამ ქმედებას თან ახლავს არის ის, რომ ავადმყოფი შედის ცოდვაში, რადგან ბუნებრივად ოცნებობს ადამიანის სიკვდილზე, ორგანოს ლოდინისას. (გადარჩეს და გადავიტანთ ამას როგორმე :))

პროგრამიდან ამორეგისტრირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ასერომ, თუ მომავალში (რატომღაც) აზრს შეიცვლით, თავისუფლად შეგიძლიათ ამოშალოთ საკუთარი თავი სიიდან. (მთავარია, მოასწროთ :))

ჰო, მემგონი სულ ეს იყო… თუ კიდევ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, მომწერეთ ქვევით. ან, უმჯობესია, პირდაპირ მიმართოთ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას. აქვე არის შესაძლებელი რეგისტრაციის გავლაც. აი საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკი
თბილისი, წინანდლის 9, მეტრო „300 არაგველთან“ (ქალაქის I კლინიკური
საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული,
ზოგადქურურგიული კლინიკის ბაზა).
ტელეფონი: 77-18-19

ასოციაციას ვებსაიტიც აქვს, მაგრამ ჯერ ცუდად ფუნქციონირებს, როგორც ვიცი, ახალი საიტი უახლოეს მომავალში გაეშვება, სადაც ონლაინშივე იქნება შესაძლებელი რეგისტრაციაზე მოთხოვნის გაგზავნა.

მანამდე კი, ნუ დაგეზარებათ, მიაკითხეთ ოფისში და გაიარეთ რეგისტრაცია. მიეცით შანსი სხვასაც, რომ იცოცხლოს. :) და, შეძლებისდაგვარად გაავრცელეთ ინფორმაცია. თუნდაც, ფეისბუქის ამ გვერდით.

აუცილებლად არის საჭირო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ყურადღების მიქცევა.

იმის მიხვედრა, თუ ამჟამად რამდენი პიროვნებაა რეგისტრირებული ამ პროგრამაში, ჩემი ბარათის ნომრის მიხედვითაც შეიძლება… :(

34 კომენტარი

  1. 1 თებერვალი, 2010, 02:40

    კვაჭა ამბობს:

    შენთან ვარ როკო. მეც გავწევრიანდები დონორთა პროგრამაში!!!

  2. 1 თებერვალი, 2010, 02:42

    David ამბობს:

    რამდენი ხანია ეს პროგრამა მუშაობს, თუ შენი რიგითი ნომერი მხოლოდ 25-ია?!

  3. 1 თებერვალი, 2010, 02:47

    Rocko ამბობს:

    რამდენი ხანია ეს პროგრამა მუშაობს, თუ შენი რიგითი ნომერი მხოლოდ 25-ია?!

    ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე წელია.
    მთლიანად პროგრამაში 100 კაცამდეა ჩართული. ძირითადად, ექიმები.
    ჩემი ნომერი 2009 წლის ნუმერაცია იყო როგორც მივხვდი.

  4. 1 თებერვალი, 2010, 02:49

    ლილიანი ამბობს:

    აუ მეც ვეძებდი რაღაც პერიოდი აასეთ რამეს, მერე მითხრეს ამას ეკლესია კრძალავსო და მეთქი ვსო იმიტომ ვერ ვნახე რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთი რამის გაკეთებაც ეკლესიის და რელიგიის ეგიდით აკრძალესთქო
    აუ ძალიან მაგარია რომ შეგიძLია დაეხმარო ადამიანს მაშIნაც კი როცა აღარ შეგიძLია .
    ნუ მოკლედ ვბოდიალობ ეხლა მე!
    ხოდა ისა ძალიან კარგი აუცილებლად მივაკითხავ გამოვჯამრთელდე მხოლოდ.

    უი ერთი მაინტერესებს რაიმე სახის აკრძალვა ანუ რის გამოც შეიძლება უარი თქვან დონორად მიღებაზე არსებობს?

  5. 1 თებერვალი, 2010, 02:52

    Rocko ამბობს:

    არა, არანაირი აკრძალვა არ არის.
    უბრალოდ, რამდენად გამოყენებადი იქნება შენი ორგანოები, ეს უკვე გარდაცვალების მომენტში გაირკვევა ;)

  6. 1 თებერვალი, 2010, 03:30

    Shotamur ამბობს:

    საკუთარი თავი წარმოიდგინეთ კუბოში კანის გარეშე…. ან დახუჭული ქუთუთოების ქვეშ რაღაც ბურთულებით…. ან წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნებათ თქვენს ახლობლებს, როცა ეცოდინებათ, რომ გულის გარეშე გმარხავენ….

    თუ გინდათ თქვენი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ, ისე უნდა იცხოვროთ, რომ თქვენს ახლობლებს, რომლებმაც საბოლოო თანხმობა უნდა განაცხადონ, არ დააწვეთ ეს გადაწყვეტილება მორალურ ტვირთად…

    გინდათ, რომ თქვენი ორგანო სხვას აჩუქოთ და გააბედნიეროთ? გააკეთეთ ისე, რომ ამით სხვა არ გააუბედუროთ…

    და ყველაფერი კარგად იქნება :)

    მგონი ყველაზე კარგი გამოსავალია, თქვენი ეს გადაწყვეტილება გაუმხილოთ მხოლოდ ერთ, ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეცოდინებათ!

  7. 1 თებერვალი, 2010, 04:04

    Shotamur ამბობს:

    ახლა დავათვალიერე მაგათი საიტი და გეთანხმები, როკო, ნამდვილად ცუდად ფუნქციონირებს არამარტო ტექნიკური, არამედ შინაარსობლივი თვალსაზრისითაც… აშკარად სჭირდებათ კარგი PR და მარკეტინგის მენეჯერი.
    ერთი გავლით რაც დაგამახსოვრდება მაგათი საიტიდან, ეს არის სიტყვა “გვამი”. ამის შემდეგ იმსჯელეთ, რატომ არის 1997 წლიდან მარტო 100 ადამიანი გაწევრიანებული.

  8. 1 თებერვალი, 2010, 04:10

    Landish ამბობს:

    უახლოეს მომავალში ალბათ მეც გავწევრიანდები…
    ჯერ ახალგაზრდა ვარ, თუმცა ვინ იცის როდის მოვა ჩემი დროც..
    ტაკშო მე თუ ვერ ვიცოცხლე, სიკვდილის წინ მაინც ვქნა ერთი კეთილი საქმე : )

  9. 1 თებერვალი, 2010, 04:22

    Agasfer ამბობს:

    კარგია, მარა აჯობებს ღეროვანი უჯრედების კრიობანკსაც მიაკითხოთ, ონკოლოგიურში.

    იმედია, ეგ ასოციაცია ძალიან მალე დაკარგავს აქტუალობას.

  10. 1 თებერვალი, 2010, 04:23

    ლილიანი ამბობს:

    რა უცნაურია რა მნიშვნელობა აქვს გულით დამმარხავენ თუ როლის ბურთებით თვალებში???
    რომ მმარხავენ რა მერე მოსანახულებლად მოდიან თუ ??

    ეს დამარხვაც რა მარაზმია რა!
    კრემაცია აი იდეალური გამოსავალი აღარც ამდენი მახინჯი სასაფლაოა და არც სადმე სიარული საჭირო. და საერთოდ როცა ადამიანი მოკვდება გინდა საფლავზე მიდი და გინდა ჯანდაბაში წადი რა აზრი აქვს სად იქნება მისი გახრწნილი სხეული?

    საკუთარი თავი წარმოიდგინეთ კუბოში კანის გარეშე…. ან დახუჭული ქუთუთოების ქვეშ რაღაც ბურთულებით…. ან წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნებათ თქვენს ახლობლებს, როცა ეცოდინებათ, რომ გულის გარეშე გმარხავენ….

    თუ გინდათ თქვენი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ, ისე უნდა იცხოვროთ, რომ თქვენს ახლობლებს, რომლებმაც საბოლოო თანხმობა უნდა განაცხადონ, არ დააწვეთ ეს გადაწყვეტილება მორალურ ტვირთად…

    გინდათ, რომ თქვენი ორგანო სხვას აჩუქოთ და გააბედნიეროთ? გააკეთეთ ისე, რომ ამით სხვა არ გააუბედუროთ…

    და ყველაფერი კარგად იქნება :)

    მგონი ყველაზე კარგი გამოსავალია, თქვენი ეს გადაწყვეტილება გაუმხილოთ მხოლოდ ერთ, ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეცოდინებათ!

  11. 1 თებერვალი, 2010, 04:28

    Maggot ამბობს:

    მე პასს…

    ჩემი ორგანოები სიკვდილის შემდეგაც ჩემთან დარჩებიან.

    არანაირი სურვილი არ მაქვს მათი გაცემის…

  12. 1 თებერვალი, 2010, 07:55

    ლიშთოთა ამბობს:

    მკვლელს არავინ დაიქირავებს კაცო, მაგრამ უფრო დამშვიდებით მირჩევნია სიკვდილის წინ ბორგვა, როცა მეცოდინება, რომ სულს თუ ვინმე გამაფრთხობინებს, ეს ჩვენი სამედიცინო პერსონალის ბანალური ნაპლივაწელსტვა იქნება და არა ამავე დროს მათი რწმენა იმაში, რომ ჩემს მისიკვდილებასაც კი თავისი დადებითი მხარე ექნება.

  13. 1 თებერვალი, 2010, 10:32

    ტამარა ამბობს:

    მე თაანახმა ვარ !!!! სულ მინდოდა ესე

  14. 1 თებერვალი, 2010, 11:39

    რადიოველოსიპედი ამბობს:

    ჰმ, ინტერესტინგ, დავფქრდი.

  15. 1 თებერვალი, 2010, 11:54

    miramax ამბობს:

    სასიამოვნოა როცა გაიგებ რომ ადამიანს მეორის დახმარება სურს და ამგვარ ჟესტს აკეთებს. :)
    მივესალმები ყველა ხერხს, რასაც ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
    დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი, უბრალოდ უკვე ვიცი რომ ჩემი ორგანოები არაფერში არ გამოდგება… სამწუხაროდ.

  16. 1 თებერვალი, 2010, 12:35

    თაზო ამბობს:

    აი, კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, მაგრამ გული არ მიშვებს :) თან, ათასი ეჭვი მღრღნის. მე თანახმა რომც ვიყო, დარწმუნებული ვარ ჩემები ჩემს გვამს ექიმებს ცოცხალი თავით არ მისცემენ საჯიჯგნად. :)

  17. 1 თებერვალი, 2010, 18:13

    TreZoRA ამბობს:

    მეც პასს

    რავი ვერანაირად დავრეგისტრირდები ეგეთ რამზე, როცა მეცოდინება რო სიკვდილის მერე ჩემი სხეული უნდა დაანაკუწონ

    რავი ვერა , არც აქამდე გამჩენია სურვილი და არც ეხა :(

  18. 2 თებერვალი, 2010, 01:44

    Quick ამბობს:

    უცნაური ხალხი ცხოვრობს ამქვეყნად.
    ვერ გავიგებ ალბათ რატომ შეიძლება არ გინდოდეს რომ ქირურგმა დაგჭრას სიკვდილის მერე. სულ ნაწილებად რო დაგშალოს რა რო. შენ მაგას ვერც გაიგებ.
    ძველი საათი დაგიშლიათ როდესმე? ან საბჭოური რადიომიმღები? ან თანამედროვე კომპიუტერი? შეცვლიდით თქვენი მეგობრის ძველ ვიდეოკარტას იმის მერე რაც კვების ბლოკი დაგეწვებათ და მიაყოლებს პროცესორს და მაზერს? გამოცვლიდით ტრანსფორმატორს მკვდარი მიმღებიდან სხვა მუშა მოწყობილობაში, რომელსაც ხვევების შემოკლება მოუვიდა?
    ანალოგია შეიძლება არ იყოს საუკეთესო, მაგრამ მთავარ იდეას მიხვდებით. ადამიანის სხეული არ არის არაფერი განსაკუთრებული, ისეთივე მექანიზმია, როგორც საათი. ისევე ძველდება, ისევე იშლება, ისევე იწყობა. და თუ ვინმეს რამეში გამოადგება ის რაც შენ ნამდვილად არ გჭირდება რატომ უნდა თქვა უარი. არა თუ გინდა წაიღე კუბოში ყველაფერი, ჭიებს მეტი დარჩებათ. და ამ დროს შეიძლება ადამიანი მოკვდეს, რომელმაც ვერ მოუსწრო თავის დონორს.

    მეც გავწევრიანდები ალბათ, ახლოს თუ მოვხვდი. ანდაც საიტზე თუ აამუშავებენ რეგისტრაციას უკეთესი იქნება

  19. 2 თებერვალი, 2010, 11:11

    ლეკვა ამბობს:

    რათქმაუნდა კარგი იდეაა და ბევრს მეტყველებს იმ ადამიანზე ვინც გაწევრიანდება მაგ ასოციაციაში. გასაგებია ყველაფერი რომ შენ თუ არ გჭირდება რაიმე რატომ არ უნდა მისცე სხვას, თუნდაც ეს ორგანო იყოს, მაგრამ ამავდროულად ასე მარტივად არ შეიძლება ალბათ მაგ გადაწყვეტილების მიღება, მე ყოველ შემთხვევაში მიჭირს. ვფიქრობ ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო და კარგად გაცნობიერებულიც უნდა გქონდეს ყველაფერი.

    როცა უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება ადამიანი, მაშინ ვერც მოასწრებს იმაზე ფიქრს რომ სულ მალე გაჭრიან და ორგანოებს ამოუღებენ, მაგრამ როცა რაიმე დაავადების შედეგად ლოგინად ხარ ჩავარდნილი და უკვე სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე ფიქრს იწყებ ალბათ რაც პირველი თავში ამოგიტივტივდება სწორედ ეს არის. აი მაგ მომენტში როგორ მოიქცევი უკვე არავინ იცის და ვერც ვერავინ გაგიზიარებს თავის გამოცდილებას :D. შეიძლება ბოლო მომენტში გადაიფიქრო და ამან კიდევ უფრო ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაგაგდოს (ეხლა ვინმემ შეიძლება თქვას რომ რა აზრი აქვს მომაკვდავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას).

    მოკლედ ნამდვილად ჰუმანური და კარგი საქციელია, უბრალოდ ყველაფერს კარგად სჭირდება აწონ-დაწონვა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ეს ის მომენტია როცა არავის არ აქვს უფლება დაგძრახოს, იმისდა მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილება მიიღე.

  20. 2 თებერვალი, 2010, 11:43

    Andy ამბობს:

    ჩემი ახლობელია ვინც ორგანოს გადანერგვებს აკეთებს გია თომაძე. მგონი ერთადერთი სპეციალისტი ამ საქმეში ეგ არის.

  21. 2 თებერვალი, 2010, 11:57

    piccolina ამბობს:

    ეეე რა მაგარია, როკ
    მეც რამდენი ხანია მინდა ეგ იცი? მარა გაგონილიც კი არ მქონდა, რომ საქართველოში არსებობდა ეგეთი რაღაც.
    აუ ძაან გამახარე <3
    ავყრი ახლა შოთიკს და წავალთ მანდ :ჯუმპ:
    ისე, ერთადერთი შეიძლება თვალების ამოთხრაზე ვთქვა უარი. მართალია, ვერ ვიგრძნობ და მოშნად მეკიდება, მარა მაგისი წარმოდგენა მაინც ჟუტკია :)))

    პ.ს. მიხარია, რომ ბლოგი დააბრუნე ;)

  22. 2 თებერვალი, 2010, 12:16

    სალომე ამბობს:

    პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან ინფორმაციული ბლოგია. ამ თემის გაპიარებას თუ ყველა ერთად შევეცდებით ეგებ ვიღაცის სიცოცხლე მართლაც ვიხსნათ. მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა. დაუშვათ მე თავად მჭირდება გული თირკმელი ან ფილტვი. ეს ორგანიზაცია შენ მიერ გაღებულ ორგანოს მეც უფასოდ გადმომცემს? ან როგორ ხდება ორგანოების ავადმყოფებისთვის გადაცემა, ვის ენიჭება პრიორიტეტი? ჩაწყობა ნაცნობობა და ბევრი ფული არ არის საჭირო????

  23. 2 თებერვალი, 2010, 15:23

    ლანა ამბობს:

    როკო, დიიიდი მადლობა, ძალიან დიდი ხანია ასეთ ორგანიზაციაზე ვკითხულობ( ეტყობა კარგად ვერ ვკითხულობდი) - მთავარია დრო გამოვძებნო მანდ მისასვლელად და ჩემებმა არ გაიგონ :-))) - დროზე ადრე ….

  24. 2 თებერვალი, 2010, 16:29

    Rocko ამბობს:

    ჩემი ახლობელია ვინც ორგანოს გადანერგვებს აკეთებს გია თომაძე. მგონი ერთადერთი სპეციალისტი ამ საქმეში ეგ არის.

    სწორედ გია თომაძეა ამ ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი :)

  25. 4 თებერვალი, 2010, 13:56

    Sweet ამბობს:

    და რა მაინტერესებს…

    მეორედ მოსვლის დროსო მკვდრები საფლავებიდან წამოდგებიანო და რაღაც.

    ჰოდა, ორგანოებსაც დაგვიბრუნებენ? :|

  26. 6 თებერვალი, 2010, 14:04

    Quick ამბობს:

    მეორედ მოსვლის დროსო მკვდრები საფლავებიდან წამოდგებიანო და რაღაც.
    ჰოდა, ორგანოებსაც დაგვიბრუნებენ? :|

    კი, დაგიბრუნებენ. რაც ჭიებმაც ჭამეს და რაც მფრინველებმა ჭამეს ეს ჭიები, რაც მტაცებლებმა ჭამეს ეს ჩიტები, რაც ბაქტერიებმა ჭამეს ეს მტაცებლები, რაც ნახშირ-აზოტური შეერთებები გამოყვეს ამ ბაქტერიებმა, რაც მცენარეებმა შეირგეს ეს ნივთიერებები, რაც მზის შუქმა ააორთქლა მცენარეების ფოთლებიდან, რაც წვიმად დაბრუნდა ოკეანში და რაც ჭამა პლანკტონმა და ……
    ყველაფერი დაგიბრუნდება :yes:
    ოღონდ ცოტა б/у იქნება, არა უშავს?

  27. 12 თებერვალი, 2010, 10:15

    George ამბობს:

    კარგია : ) აუცილებლად მივაკითხავ :bis:

  28. 13 თებერვალი, 2010, 00:14

    ket_eva_n ამბობს:

    მე თავიდან მომწონდა ეგ იდეა, მაგრამ ახლახანს ჩემმა (მომავალმა)ექიმმა მეგობარმა ამიხსნა, რომ შეიძლება შენ გარდაცვლილად ჩაითვლები, თუ ტვინი შეწყვეტს მუშაობას-მაგალითად რამდენიმე წელი როცა ხარ აპარატზე შეერთებული. მაგრამ არსებობს შანსი,რომ არ ხარ მკვდარი და მედიცინაში ყოფილა ისეთი შემთხვევები,როცა რამდენიმეწლიანი კომის შემდეგ ადამიანს გაუღვიძია.
    ხოდა მანამდე თუ გული ამოგიღეს-რა კარგია :))

  29. 13 თებერვალი, 2010, 11:43

    Rocko ამბობს:

    @ket_eva_n,
    სიკვდილის დაფიქსირება ხდება მაშინ, როდესაც ტვინი კვდება. ტვინის დაზიანების დროს, როდესაც ადამიანი ვეგეტატიურ მდგომარეობაშია, სიკვდილის დაფიქსირება არ ხდება.
    ჰოდა, ტვინის სიკვდილის შემდეგ, მისი “გაცოცხლება” ნამდვილად შეუძლებელია. თუ ექიმმა გითხრა, რომ მკვდარი ტვინის ფუნქციონირება შეიძლება ოდესმე აღდგესო, ვერ ყოფილა მაინცდამაინც კარგი ექიმი… :))

  30. 13 თებერვალი, 2010, 12:45

    ვებ ჰოსტინგი ამბობს:

    ძალიან ინფორმაციული ბლოგი გაქვს, ეგრე გააგრძელე!

  31. 13 თებერვალი, 2010, 16:01

    ket_eva_n ამბობს:

    მე როგორც ამიხსნა, რამდენიმე წლის მანძილზე კომაში რომ იყო შეიძლება მაინც გაგთიშონ. რადგან თუ სისხლი არ მიეწოდება ორგანოებს -გადასანერგადაც არ გამოდგება. რავი, ამ საკითხში დილეტანტზე დაბლა ვარ, მაგრამ მაინც გადაამოწმე :)

  32. 17 თებერვალი, 2010, 00:12

    George ამბობს:

    რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი კომაზე ტვინის / გულის გაჩერებაზე და ასე შემდეგ :D თუ კომაში იქნებით და თქვენი გადარჩენის შანსი იქნება შესაბამისად თქვენი მშობლები არ განაცხადებენ თანხმობას ტრანსპლანტაციაზე და ვერც ვერავინ შეგეხებათ : ) ეს ყველას გამოგჩათ ? საჭიროა მშობლების ნუ თუ მშობლების არა შვილების ან ნათესავების თანხმობა …

  33. 17 თებერვალი, 2010, 03:34

    Raycher ამბობს:

    მშვენიერი საშუალებაა რაღაცით მაინც ჭეშმარიტად ღირებული გახადო შენი ცხოვრება…. თუნდაც ხშირი გახსენება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ შენ შანსი გაქვს უსასყიდლოდ, უანგაროდ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვიღაცას სიცოცხლე ან მხედველობა შეუნარჩუნო, ძალიან დიდი დადებითი მუხტია.. :))

  34. 1 მარტი, 2010, 20:05

    gijmaj ამბობს:

    ასეთი რამ საქართველოშიც თუ ხდებოდა არ მეგონა. :)

ამ წერილის კომენტარების RSS-არხი ტრეკბეკის მისამართი

თქვენ რას იტყვით?

მონიშნულის ციტირება

ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • Thomas Sawyer  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1029 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,888 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
geocell

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია