სტივ ჯობსის სამი ისტორია

სტივ ჯობსი ვინ არის, მემგონი ყველამ იცის. არც ეფლის სექტანტი თაყვანისმცემელი ვარ და არც მისი დამაარსებლის სურათი მაქვს ჩამოკიდებული თავთან, მაგრამ მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა.

2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს. :) ერთი-ორჯერ სერიოზულად დამეხმარა კიდეც რაღაც-რაღაცეებში და გემრიელად შემომილაწუნა, აი ისეთ ფოკუსგარე მომენტებში, ყველას რომ ქონია ;)
რამდენიმე დღის წინ კი, ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ლინგვისტუსის ბლოგზე ვნახე და გამახსენდა, როგორ ვთარგმნე მისი ტექსტი ორი წლის წინ დროის მოკვლის მიზნით. :)) ძველ ვინჩესტერში ქექვამ შედეგი გამოიღო და აი ისიც — სტივ ჯობსის სამი ისტორია ქართულად. ტექსტის ბოლოში კი, შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ, ორიგინალში.

Bon Appétit. :)

* * *

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი.

პირველი ისტორია წერტილების შეერთებაზეა.

სწავლა Reed College-ში პირველი ექვსი თვის შემდეგ მივატოვე. მაგრამ, თავის საბოლოოდ დანებებამდე, კიდევ სადღაც 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე. რატომ მივატოვე სწავლა?

ეს ჯერკიდევ ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ახალგაზრდა, გაუთხოვარმა სტუდენტმა, გადაწყვიტა გავეშვილებინე. მას გადაჭრით სურდა, რომ ჩემი ახალი მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. ასერომ, ყველაფერი შეთანხმებული იყო — მე დაბადებისთანავე იურისტი და მისი მეუღლე ამიყვანდნენ. მაგრამ, როგორც კი გამოვძვერი, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ბიჭის აყვანა — გოგო უნდოდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიც სიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და კითხეს, „ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათო?“ მათ კი უპასუხეს — „რათქმაუნდა!“ ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ გვიან გაიგო, რომ ჩემ ახალ დედას სულაც არ ქონდა დამთავრებული უმაღლესი, ახალ მამას კი — არც სკოლა. რამდენიმე თვის მანძილზე იგი საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს ამბობდა, სანამ პირობა არ მიიღო ჩემი მშობლებისგან, რომ აუცილებლად ჩამაბარებინებდნენ ინსტიტუტში.

17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე, რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი — ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ექვსი თვის შემდეგ მასში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში; და ვერც იმას ვხვდებოდი, ამის გარკვევაში ინსტიტუტი როგორ დამეხმარებოდა. ამისთვის კი მე იმ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თითქმის მთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა და მქონოდა იმის რწმენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. იმ დროს ბევრჯერ შემშინებია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან — ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ. სწავლის შეწყვეტის დღიდან, შემეძლო დავსწრებოდი მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიც მაინტერესებდა, და არა მათ, რომლებიც სავალდებულო იყო.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. საერთო საცხოვრებელში საკუთარი ოთახი აღარ მქონდა, ამიტომ მეგობრების ოთახებში იატაკზე მეძინა, კოკა-კოლიც ბოთლებს 5 ცენტად ვაბარებდი, რომ საჭმლის ფული შემეგროვებინა; კვირაში ერთხელ კი, 10 კილომეტრზე მეტს ფეხით გავდიოდი ქალაქის მეორე ბოლომდე, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ მევახშმა. და მე მომწონდა ეს. უმეტესობა იმისა, რასაც ჩემი ცნობისმოყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზე შევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა. აი ერთი მაგალითი:

იმ პერიოდის Reed College-ში ქვეყნის ფარგლებში ალბათ კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. მთელ კამპუსში ყოველა პოსტერი, ყოველი აბრა ყოველ კარებზე, უმშვენიერესი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგანაც სწავლისთვის თავი დანებებული მქონდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ ვუჩიოდი, გადავწყვიტე მევლო ამ ლექციებზე და მესწავლა, როგორ გამეკეთებინა ასეთი წარწერები. სწორედ აქ ვისწავლე ყველაფერი შერი და სან-შერი შრიფტების, ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგილურირების და, ზოგადად, კარგი ტიპოგრაფიის შესახებ. ეს იყო იმგვარად ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერებაც კი ვერ ახსნიდა. და მე საოცრად მოვიხიბლე.

თითქოს ამ ყველაფრიდან არაფერს უნდა ეთამაშა რამე სახის მნიშვნელოვანი როლი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ვქმნიდით, იგი უსაზღვროდ გამომადგა. და ჩვენ ეს მაკში ჩავდეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ულამაზესი ტიპოგრაფიით. მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი ინსტიტუტში, მაკს არასოდეს ექნებოდა ამდენი შრიფტი, ასეთი ზუსტი კერნინგით. და რადგანაც ვინდოუსი მაკის ასლია, გამოდის, რომ არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებოდა ეს ყველაფერი! სწავლისთვის რომ თავი არ დამენებებინა, ვერასოდეს მოვახერხებდი ამ კურსის გავლას და შესაძლოა, პერსონალურ კომპიუტერებს საერთოდ არ ქონოდათ დღევანდელის მსგავსი უნატიფესი ტიპოგრაფია. რათქმაუნდა, როდესაც ინსტიტუტში ვიყავი, წერტილების ამგვარად შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ათი წლის შემდეგ, ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდა.

კიდევ გავიმეორებ — წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ; ეს მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. ასერომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილები მომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია; და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.

მე გამიმართლა — ჩემი საყვარელი საქმე ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე ვიპოვე. მე და ვოზმა (სტივ ვოზნიაკი) ჩემი მშობლების გარაჟში ეფლი რომ წამოვიწყეთ, მხოლოდ 20 წლის ვიყავი. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით და ათ წელიწადში ორკაციანი გუნდი ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად გადაიქცა, 4 ათასზე მეტი თანამშრომლით. სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩვენი საამაყო ქმნილება — მაკინტოში გამოვუშვით. და შემდეგ — გამაგდეს. როგორ უნდა გაგაგდონ შენი შექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინა ადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა. პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, მე უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.

რამდენიმე თვე ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. საშინელი გრძნობა მქონდა, თითქოს წინა თაობის ყველა ბიზნესმენს გავურუე იმედი, თითქოს ესტაფეტაზე ალამი დამივარდა, როცა მაწვდიდნენ. შევხვდი დეივიდ პაკარდსა და რობ ნოისს, შევეცადე ბოდიში მომეხადა ჩემი საქციელისთვის. ჩემი ჩავარდნის ამბავი მომენტალურად გავრცელდა და სილიკონის ველიდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მაგრამ, ნელ-ნელა მოვიდა ჩემამდე, რომ ჯერკიდევ მიყვარდა ჩემი საქმე. ეფლში განვითარებულ მოვლენებს ეს ოდნავადაც კი არ შეეცვალა. ზურგი მაქციეს, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო.

მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატებულობის სიმძიმე კვლავ დამწყებად, ყველაფერში ნაკლებად დარწმუნებულად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრების შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დამეწყო.

მომდევნო ხუთ წელიწადში მე დავაარსე კომპანია სახელად ნექსტი, კიდევ ერთი კომპანია — პიქსარი და შემიყვარდა არაჩვეულებრივი მანდილოსანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. პიქსარმა ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა. მოვლენათა სასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსტი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსტში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია. ლორენს და მე კი, არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბებიდან არცერთი მოხდებოდა, ეფლს რომ არ გავეთავისუფლებინე. წამალს საშინელი გემო ქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად არგო პაციენტს. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო. ერთადერთი, რაც მე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვოთ სიყვარულის ობიექტი. და ეს ჭეშმარიტია როგორც საქმისთვის, ისე — საყვარელი ადამიანებისთვისაც. საქმე ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს; და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით სრულად კმაყოფილი, თუ დაკავდებით იმით, რაც თქვენი აზრით დიდებულია. ეს კი ის საქმეა, რომელიც გიყვართ. ასერომ, თუ ჯერკიდევ არ გიპოვიათ მსგავსი, განაგრძეთ ძიება. ნუ გაჩერდებით. აუცილებლად იგრძნობთ აღმოჩენისას. და ესეც, როგორც ყველა დიდებული ურთიერთობა, წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. ასერომ, ეძებეთ, სანამ არ იპოვით. ნუ დანებდებით.

ჩემი მესამე ისტორია — სიკვდილზეა.

17-ის რომ ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღეს ისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, 33 წელიწადია, ყოველ დილით სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთება, რასაც დღეს ვაპირებ?“ და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე აქვს უარყოფითი პასუხი, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო.

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე კარგად სწორედ იმის გახსენება მეხმარებოდა, რომ შესაძლოა მალე მოვმკვარიყავი. რადგანაც თითქმის ყველაფერი — სხვების აზრი, მთელი ჩემი სიამაყე, მარცხის ან წარუმატებლობის შიში — ყველაფერი ეს მომენტალურად ქრება სიკვდილის პირისპირ და რჩება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. სიკვდილის არ-დავიწყება ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა ფიქრების მოსაშორებლად იმის შესახებ, რომ რამე გაქვს დასაკარგი. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება გულისთქმას არ მიჰყვე.

დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. გამოკვლევა დილის რვის ნახევარზე ჩამიტარეს და მან ნათლად აჩვენა სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვალზე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვალი რა იყო. ექიმებმა თითქმის დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს კიბო უკურნებელი იყო და რომ სიცოცხლე სამიდან ექვს თვემდე მქონდა დარჩენილი. ექიმმა მირჩია, სახლში წავსულიყავი და საქმეები მომეგვარებინა, რაც, მათ ენაზე, სიკვდილისთვის მზადებას ნიშნავდა. ეს ნიშნავს მოასწრო და რამდენიმე თვეში შვილებს უთხრა ყველაფერი, რის სათქმელადაც გეგონა, კიდევ ათი წელი მაინც გექნებოდა. ეს ნიშნავს დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია, რათა განშორება მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ოჯახისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაემშვიდობო.

მთელი დღე ამ დიაგნოზით გავატარე. საღამოს კი, ბიოფსია ჩამიტარეს, ყელში ჩამთხარეს ენდოსკოპი, ჩავიდნენ ჩემ კუჭში და ნაწლავებში, შემირჭვეს ნემსი კუჭქვეშა ჯირკვალში და კიბოს რამდენიმე უჯრედი ამოიტანეს. მე გათიშული ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომიყვა, როდესაც ექიმებმა უჯრედები მიკროსკოპში დაათვალიერეს, ცრემლები წასკდათო. მათ ტირილი დაიწყეს, რადგან აღმოჩნდა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის უიშვიათესი ტიპის კიბო მჭირდა, რომელიც ოპერაციით იკურნებოდა. ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კარგად ვარ.

ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ რამდენიმე ათწლეულიც არ ვიქნები. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გამოვიარე, შემიძლია კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით გითხრათ ეს სიტყვები, ვიდრე მაშინ გეტყოდით, როცა სიკვდილი ჩემთვის სასარგებლო, მაგრამ წმინდაწყლის წარმოსახვითი ცნება გახლდათ:

სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავინ არიდებია მას. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგი ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია. მას ძველი მიყავს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც წაგიყვანენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამ ორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. ყველაფერი დანარჩენი — მეორეხარისხოვანია.

პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწის კატალოგი“, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა, აქედან არცისე შორს, მენლოს პარკში. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასერომ მთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა. ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებული განზრახვებით.

სტიუარტმა და მისმა გუნდმა „მთელი დედამიწის კატალოგის“ რამდენიმე ნომერი გამოუშვეს. უკანასკნელი ნომერი 1970-იანების შუაში გამოვიდა და მე მაშინ თქვენი ასაკის ვიყავი. საფინალო გამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისას რომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.“ ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო. იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები. მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს. და ახლა, როდესაც ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებას იწყებთ, მე გისურვებთ თქვენ.

იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.

ყველას უღრმესი მადლობა.

38 კომენტარი

  1. ეფლის სექტანტიც ვარ და სტივის სურათებით მაქვს მოფენილი ოფისი :D
    ანტიკვარულ მაკებსაც ვყიდულობ :P მოკლედ კლასიკური მაკ-გიკი ვარ.
    მადლობა როკო ამ სტატიისათვის, მართალია მე ეს გამოსვლა უკვე ნანახი მქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავიკითხე.

    პ.ს. ბოლო კარგადაა ნათარგმნი ;)

  2. აზრზე არ ვარ ვინააა მაგ კაცი!

  3. Samurai says:

    @Katten Försvann
    არ თქვა ეგ :)

    @Rocko
    შენი თქმის არ იყოს, ყველა ყურებაზე ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს ჩემზე. ეხლა კიდევ ერთხელ გამახსენდა :) ასე რომ მადლობა სტატიისთვის

  4. Samurai says:

    ეხლა დავაკვირდი :)))) ერთადერთი რაც ფერადია შენ საიტზე, ვიდეოა.

  5. Rocko says:

    ჰო, ვიდეოს ჯერ ვერ ვაშავთეთრებ :)) აი, შემოვა HTML5 და… :))

  6. piccolina says:

    ეეეეეე
    ძაან მაგარი იყო ))
    საერთოდ ეგეთი მონოლოგები არ მევასება, მარა ზედმეტი სიბრძნეები არ უჯვია და გამისწორდა ))

  7. lisa says:

    გემრიელი ნათარგმნი იყო.
    ამ გამოსვლისთვის დიდი ხანია აღარ მომისმენია. პერიოდულად ვრთავ ხოლმე. თან ერთმა ძალიან ზე-პოზიტიურმა ვინმემ დამილინკა პირველად.
    ხოდა მოტივაციას შველის. :D აი ზუსტად დროული იყო.

  8. სეითო says:

    დიდი ადამიანის დიდი სიტყვები. ძალიან ვისიამოვნე და დარწმუნებული ვარ გამომადგება ცხოვრებაში. დიდი მადლობა rocko :) :)

  9. ანკა says:

    მიყვარს apple და სტივ ჯობსიც:) ეს არის ადამიანი, რომელიც არ ექცევა ჩარჩოებში, ამას ეს გამოსვლას მოწმობს, კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე თავისი ცხოვრების სამი ისტორია მოყვა, მათგან ერთ-ერთი როგორ არ უსწავლია კოლეჯში:)))
    როკო შენი ბლოგი ძაან მიყვარს და სულ ველოდები პოსტებს:) ცოტა ჩქარ-ჩქარა განაახლე ხოლმე:)

  10. თაზო says:

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ისე, კარგი მომენტები აქვს დაჭერილი, ისეთი, ზოგიერთ რამეზე რომ დაგაფიქრებს.

  11. Jibla says:

    ძალიან მაგარი სიტყვაა!!!
    ადრე მაქვს წაკითხული და მართლა ძალიან მაგარი იყო პირველად :)
    Stay Hungry, Stay Foolish :D

  12. ZURRIUSS says:

    ვაუ… ძალიან მაგარია!
    მე, როგორც ზე-ჩლუნგს, შოკისმომგვრელად მომეწონა და დიდი მადლობა ამ შოკისთვის. შენც და მასაც ;)
    კიდევ რა… ჰო, აწი უფრო ხშირად შემოვალ. ადამიანების ბლოგი-დღიურების კითხვას ეს მირჩევნია. გაცილებით მაგარია ;)

  13. ვაა, მომეწონა ხო იცი :D

  14. უცნაურია რომ უამრავი წარმატებული ადამიანი სწორედ სკოლის, ინსტიტუტის, მოკლედ, სასწავლების მიტოვების ხარჯზე აღწევს წარმატებას, ეტყობა რომ სასწავლებელი მაინც ჩარჩოებში გსვამს, სისულელეებს გიტენის თავში, მიუხედავად იმისა, აპირებ თუ არა პროფესორობას.

    ჯობსი – კარგი მარკეტოლოგია, როგორც ამბობენ ჯობსმა გეითსისგან ისწავლა, რომ არ არის აუცილებელი პროდუქტი ხარისხიანი იყოს, მბზინავი ნაგავიც მშვენივრად იყიდებაო.

  15. ლოლ

    ზოგ კომენტარზე მაგარს ვკაიფობ ^_^

  16. მომწონს ეს კაცი. გამოსვლა არ მქონდა ნანახი და არც ვნახავდი შენი თარგმანი რომ არ წამეკითხა.
    თან ეხლა ეს სიტყვები ძალიან მჭირდებოდა.

  17. Joy ZAZA says:

    ნამდვილად კარგი იყო როკო, გაიხარე

  18. zur4ik says:

    ძალიან საინტერესო იყო სამივე ისტორია და რც მტავარია სამივემ დამაფიქრა რაღაც-რაღაცებს :)

  19. ლეონი says:

    გაიხარე!

  20. ხასანა says:

    ისევ კარგად გაიპიარა თავი

  21. luka says:

    “უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :)”

    შენს ბლოგს ბიძია ბილიც კითხულობს და ეგ ციტატა ალბათ არ მოეწონებოდა :)

    მისტერ ლაინუს ტორვალდსიც არ დაგვავიწყდეს. ლინუქსის შემქმნელი და რომ არა open source, ბევრი ტექნოლოგიური სიკეთე დღეს არ გვექნებოდა :)

  22. გოგა says:

    ვისიამოვნე :)

  23. fifi says:

    ეს გამოსვლა ნანახი მქონდა, ამ ბლოგზე კი პირველად ვარ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი :)

  24. Sophy says:

    მეც პირველად ვარ აქ და ყველას მოგესალმებით:))კეთილი იყოს ჩემი ფეხი…:))..ჩემი აზრით ცოოთა დრამატული ისტორია აქვს ამ კაცს,მაგრამ დამაფიქრებელი და საინტერესო…მე პირადად მომეწონა:)))

  25. BENJAMIN says:

    პირველად წავიკითხე , საოცარი ისტორიააა

  26. თაკო says:

    მიყვარს, მიყვარს, მიყვაააარს ეს კაცი, ეს ისტორიები მოსმენილი მქონდა მაგრამ ნათარგმნი არსად მინახავს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რო შემახსენე… სამ ისტორიაში ცხოვრებას გასწავლის :) be foolish, be hungry!!!!! :)

  27. ძალიან მაგარი “სპიჩია”.
    Stay hungry, stay foolish.

  28. Soft : says:

    მართლაც რომ ძალიან კარგი იყო ვისამოვნე ძალიან

  29. ნანო says:

    მიყვარს ეს კაცი………………ძალიან მაგარი გამოსვლა იყო….გენიოსი ადამიანია

  30. Gorod - SKY says:

    აი ეს მაკლია აშკარად ბოლო რამდენიმე წელია: არ ვარ მშიერი და თავზეხელაღებული

  31. KK says:

    ვეცდები ვიყო თავზეხელაღებული, შიმშილი არ მიჭირს :) ეს სტატია დროული იყო, ახლა მეც სტივ ჯობსივით უმუშევარი ვარ, მართალია ჩემს მიერ დაარსებული კომპანიიდან არა, მაგრამ ჩემი აწყობილი დეპარტამენტიდან კი გამომიშვეს, მეორე თვეა ვისვენებ… თავზეხელარებულობის დრო მოსულა…

    მადლობა რომ დადე სტატია და მადლობა ჩემს მეგობარს რომ მომილინკა :)

  32. Keti says:

    ახლა წავიკითხე და ძალიან ავღელდი.
    მადლობა მისი თარგმნისთვის.

  33. Riablo says:

    რათქმაუნდა, ჯერკიდევ და ასერომ ცალ-ცალკე იწერება, გმადლობთ.

  34. qeti says:

    საინტერესო ცხოვრება ჰქონდა,მისმა შემოქმედებამ ჩვენი ცხოვრებაც საინტერესო გახადა.,,იყავით მშივრები,იყავით თავზეხელაღებულნი”

  35. [...] დავითურმა მისი საკუთარი ბლოგიდან: rocko.ge [...]

  36. გვანცა says:

    მოტივაციას შველის. :D აი ზუსტად დროული იყო.

  37. მოტივაციას შველის. :D აი ზუსტად დროული იყო. შიმშილი არ მიჭირს :) ეს სტატია დროული იყო !

კომენტარის დამატება