რაც შენია – შენია. მალე – ტელეფონის ნომერიც!

ნომრის პორტაბელურობა – ეს ცნება შეიძლება უახლოეს მომავალში საქართველოშიც რეალური გახდეს.

ნომრის პორტაბელურობა არის მომხმარებლის უფლება, შეინარჩუნოს მისი საკუთარი ტელეფონის ნომერი (მობილური ან ფიქსირებული) ოპერატორის/სერვისის მომწოდებლის შეცვლისას. ეს ძალიან სასარგებლო და ცივილური მომსახურებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. და რომელიც, შესაძლოა, მალე ჩვენთანაც დაინერგოს. :)

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ღრმა ძილიდან ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას და ამ საკითხის განხილვას. საკონსულტაციო დოკუმენტი უკვე მზადაა, ახლა სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კარგად შეისწავლის საკითხს და ჩვენი ქვეყნისა და ბაზრისთვის მისაღებ მოდელს შეიმუშავებს.
პორტაბელურობის საშუალება უნდა გავრცელდეს როგორც მობილურ ნომრებზე, ისე VoIP და ფიქსირებულ (ე.წ. „ქალაქის“) ნომრებზეც. თუმცა, ჩვენთან ყველაზე მეტად მტკივნეული და აქტუალური, ალბათ დამეთანხმებით, რომ მობილური ნომრებია :)

დავიწყოთ თავიდან – რა სიტუაციაა ჩვენთან?

ამჟამად საქართველოში მობილური კავშირის სერვისის მომწოდებელი 3 კომპანიაა შემოსული. სერვისის ფასები კატასტროფულად მაღალია (შიდა ზარებზეც კი) და თუ არ ჩავთვლით ბილაინის გაფართხალებებს ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე, ფასების შემცირების მხრივ არანაირი ძვრები არ მომხდარა. რათქმაუნდა უამრავი უნიჭო აქცია ტარდება მათთვის, ვინც ჩაერთვება ან მათთვის ვინც დარეკავს ნომერზე XYZ და მიიღებს 1653 წუთს 978-ის ფასად და მისთანები, თუმცა მომხმარებლის ბედნიერებისთვის ეს საკმარისი არაა :D

ბილაინის შემოსვლამდე, წლების მანძილზე, მთელი ეს სფერო მონოპოლიზირებული ქონდა ორ კომპანიას – მაგთის და ჯეოსელს, რომლებიც არც ხარისხის ამაღლებაზე იწუხებდნენ დიდად თავს, არც ფასების დაწევაზე… მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლები ეკიდათ, რადგანაც „ძმურად“ ქონდათ გაყოფილი ბაზარი :D რათქმაუნდა ტარდებოდა სხვადასხვა პიარ-ღონისძიებები, თუმცა, ძირითადად ახალი აბონენტების მისაზიდად და არა – არსებულების შესანარჩუნებლად.

ბილაინის შემოსვლაზე დიდ იმედებს ვამყარებდი. რათქმაუნდა არ მქონია იმის ილუზია, რომ კომპანია მიზერული ფასებით შემოვიდოდა, და არც ოპერატორის შეცვლას ვაპირებდი. უბრალოდ მეგონა, რომ ახალი მოთამაშის შემოსვლა ცოოტა გამოაფხილებდა ორ ვეტერანს და აიძულებდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც არის აწყობილი თანამედროვე კაპიტალისტური ბიზნესი :D
ანუ, ბილაინი დაიწყებდა როგორც ახალი მომხმარებლის მოზიდვას, ისე – უკვე არსებულების გადმობირებას. შესაბამისად, მაგთის და ჯეოსელს გაახსენდებოდათ, რომ ყავთ რამოდენიმე ასეული ათასი აბონენტი, რომლებიც დიდი ხანია უკვე თავზე ხელის გადასმას ელოდებიან. და დაიწყებოდა ახლებური ბრძოლა მომხმარებლების შენარჩუნებისთვის, რომელიც გამოხატული იქნებოდა ფასების დაწევით, მომსახურების ხარისხის გაზრდით და, საბოლოო ჯამში, მოგებული მომხმარებლით.

:)

მაგრამ დავრჩი ასე გაღიმებული :D ზუუმის უფასო ჰამბურგერს და ბალის 3 ლარიან კინოს თუ არ ჩავთვლით, არაფერი შეცვლილა :D და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძალიან მარტივია – შემოსავლიანი (ანუ ისეთი, ვინც ბევრს საუბრობს) მომხმარებლების უმრავლესობისთვის ოპერატორის შეცვლა საკმაოდ მტკივნეული პროცესია. ოპერატორის შეცვლას ჩვენთან ხომ აუცილებლად მოყვება ნომრის შეცვლის პროცედურაც. საქმიანი ადამიანებისთვის კი ეს სიკვდილის ტოლფასია – ახალი სავიზიტო ბარათები, უამრავი ახლობელ-მეგობრის ან ბიზნეს-პარტნიორის გაფრთხილება, რომ ახალი ნომერი გაქვს… ხშირ შემთხვევაში – ბევრი კონტაქტის გაწყვეტაც, რადგანაც მემგონი ყველას გვყავს 1-2 ისეთი ადამიანი, რომელმაც იცის ჩვენი ნომერი და იმედი გვაქვს, რომ ოდესმე დაგვირეკავენ. თუმცა, არ გვინდა ახალი ნომრის აღება შევატყობინოთ, რომ თავის შეხსენებად არ გამოვიდეს :)))

მოკლედ რომ ვთქვათ, და პირადად ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, ხშირ შემთხვევაში ოპერატორის შეცვლის ერთადერთი შემაფერხებელი ზუსტად ეს ახალი ნომრის მომენტი ყოფილა. ოპერატორებმაც მშვენივრად იციან ეს ფენომენი, ასერომ, ისინი „თუ-არ-მოგწონს-წადი“ მზერით იგერიებენ ხოლმე თავზე ხელის გადასმის ყოველ ახალ მოთხოვნას :D

და რა ხდება სხვაგან?

მობილური ნომრის პორტაბელურობა უამრავ ქვეყანაში წლების წინაა დანერგილი. მისი იდეა მიმართულია ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისკენ. მთავარია – მომხმარებელი იყოს ბედნიერი :)

ამ პრინციპის განხორციელების უამრავი სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული მოდელი ე.წ. „Recipient-Led“ პორტირებაა. პროცედურის მიხედვით, აბონენტი, რომელსაც სურს გადავიდეს ოპერატორ X-დან ოპერატორ Y-ზე, მიდის რეციპიენტ (Y) ოპერატორთან, გამოთქვამს გადმოსვლის სურვილს და შემდეგ, Y თავად აგვარებს ყველანაირ ურთიერთობას X-თან.

ამ პროცესს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დრო ჭირდება. მაგალითად, აშშ-ში ნომრის პორტირება 2 საათში ხდება, დიდ ბრიტანეთში კი – 2 სამუშაო დღის მანძილზე.
შედეგად კი, ვღებულობთ ბედნიერ მომხმარებელს, რომელმაც აირჩია ახალი ოპერატორი, ნომერი კი იგივე დარჩა – თავის ინდექსიან-ყველაფრიანად :)

ტექნიკურ ასპექტშიც, ზარების და შეტყობინებების გადამისამართების ბევრი განსხვავებული ვარიანტია. თუმცა, ყველაზე კარგად აპრობირებული და გავრცელებული პორტირებული ნომრების ცენტრალური მონაცემთა ბაზის (CDB) შექმნაა. ბაზის ასლს ყოველი ოპერატორი ინახავს თავისთან, რათა იცოდნენ, თუ რომელ ქსელში გაუშვან ზარი ყოველი ნომრიდან. ამ მოდელს სხვანაირად „ზარების საერთო მოთხოვნას“ (ACQ-ს) უწოდებენ.

ერთადერთი გამორჩეული ქვეყანა, რომელიც არც Recipient-Led სისტემას იყენებს პორტირებისას და არც CDB/ACQ მოდელს, დიდი ბრიტანეთია. ამ ქვეყნის მოქალაქეები ნომრის პორტირებისთვის ჯერ მიდიან დონორ ოპერატორთან (ანუ, ოპერატორთან, რომლთანაც ამჟამად არიან ჩართულნი), იღებენ პორტირების ავტორიზაციის კოდს (PAC), მიაქვთ იგი რეციპიენტ (სასურველ ახალ) ოპერატორთან და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ ნომრის პორტირების უფლებას. ზარების როუტინგი კი, კვლავ დონორ ოპერატორთან რჩება. რაც ნიშნავს იმას, რომ დონორის ქსელში რაიმე შეფერხების ან მისი ბაზრიდან საერთოდ წასვლის შემთხვევაში, მომხმარებლის ნომერი უვარგისი ხდება.

მოკლედ, გამიგრძელდა ცოტა :) ბევრს მივედ-მოვედე.
მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ ჩვენმა მარეგულირებელმა დაიწყო უკვე ამ საკითხზე მუშაობა და იმედია, უახლოეს მომავალში ჩემ ნომერს 8-99-XX-XX-XX მინდა ჯეოსელს მივაბამ, მინდა ბილაინს და არცერთ კონტაქტთან არ გავწყვეტ მობილურ ურთიერთობას :) და იმედია, მაინცდამაინც ბრიტანულ მოდელს არ გადმოიტანენ ჩვენთანაც :D

მანამდე კი, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ დოკუმენტს. გადმოწერეთ ნომრის პორტაბელურობის ოფიციალური საკონსულტაციო დოკუმენტი.

18 კომენტარი

  1. საიდან თხრი ასეთ ინფოებს…

  2. გახარებული მომხმარებელი says:

    მმმ … :–)

  3. ნამდვილი გივი says:

    და ინდექსები იგივეები დარჩება თუ შეიძლაბა ჯეოსელზე 8 99 გქონდეს ?

  4. იაჰუუუუუ--უუუ says:

    ააა, მეთქი ინდექსის გარეშე გადააქვთ და სხვამ რომ ამახიოს ნომერი მეთქი ვიფიქრე ჰეჰე… კარგია პორტაბელურობა…

    P.S. ეს რა იყო: “ყველას გვაქვს 1-2 ისეთი ადამიანი”

    - სლავააა…
    - ჰო რა იყოო…
    - დღეს პარასკევია თუ სამშაბათი…

  5. გაუჭირდება ეგ ამბავი ქართულ ოპერატორებს

    ეგეთები სადაც ხდება იქ ადამიანი რომ ერთვება მობილურის ოპერატორის ქსელში ეძლევა ადგილობრივი ინდექსი ( ნუ ქალაქის, ოლქის) და არა მობილურის ინდექსი ( იქ არცა აქვვთ ოპერატორებს თავიანთი ინდექსები)

  6. ნეთმენ says:

    საქართველოში 3 კი არა, 4 ცალი მობილური ოპერატორი მოღვაწერობს!
    +995(44) – “აკვაფონი”. მარა მგონი აფხაზეთს საქართველოდ არც სტატიის ავტორი თვლის…

  7. მოქალაქე says:

    ავტორი წერს – “ბილაინის” შემოსვლით არაფერი შეცვლილაო…
    რთული შემთხვევაა, 15 თეთრსა და 29-ს შორის დიდ განხსვავებას თუ ვერ ხედავ, სხვა საქმეა!
    კაცი თუ მოინდომებს და 3 ცალ ფუტკრის სიმ-ბარათს იქონიებს, ნებისმიერ ტრუბკაზე დარეკვას 2 ან 9 თეთრად მოახერხებს!
    დაუნების(მაგთი) ქსელი კი 28.8 თეთრს კაპიკს არ უკლებს და პა ხოდუ ბალასის შემოწმებისას 2 თეთრს ახევს :))

  8. ავტორი წერს – “ბილაინის” შემოსვლით არაფერი შეცვლილაო…
    შეიცვალა! მერე და როგორ ; ) …. უბრალოდ დააკვირდი თან კარგად….. და დაინახავ…..

  9. ბალახა says:

    რატომღაც მგონია რომ ნომრის პორტაბელურობის დანერგვა გამოიწვევს ფასების ლოგიკურ გაზრდას. ლიდერი კომპანიები შექმნიან ჯგუფს (ე.წ. cartel) რომელნიც მოახდენენ საერთო მოგების გაზრდას ამ მეტად მიმზიდველი შეფარვითი სერვისის ფასად…

  10. გუთ გუთ კაი რამეა ეგი : )))

  11. ზვი says:

    ინდექსებთან დაკავშირებით მეც ეგეთი ეჭვი მაქვს… მგონი პორტაბელურობა იმ ქვეყნებშია, სადაც მობილურსაც და ქალაქის ნომერსაც ერთი და იგივე ინდექსი აქვთ (ამერიკაში და ბრიტანეთში) პრინციპში რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ვის რა ინდექსი გაქვს (ოპერატორს) მაგრამ რაღაცისთვისაა ეს ინდექსები განსხვავებული…. ალბათ სვიჩისთვის რომ გამარტივებული იყოს მუშაობა.

  12. GBRRR says:

    დაუნების(მაგთი) ქსელი კი 28.8 თეთრს კაპიკს არ უკლებს და პა ხოდუ ბალასის შემოწმებისას 2 თეთრს ახევს :))

    ეგ მაგარი ფენომენია :დ და მაინც უყვართ :D

    პბხით რაც გააკეთეს პერეადრესაცია იყო და ისიც ისეთი ფასი ღირს მტრისას ;(

  13. გიო says:

    და აი ახდა ეხლა ეს, ხომ შემოვიდა უკვე საქართველოში

  14. მამაკაცი says:

    მე დაუნი ვარ და იძულებული ვიქნები დავრჩე დაუნად მანამ, სანამ ეს ინოვაცია შევა ძალაში, ვინაიდან 8 წელია 899-ზე მიცნობს ხალხი და ნომრის შეცვლა არანაირად არ შემიძლია :(

  15. დავითი says:

    ერთი კითხვა მაქვს:

    მობილურის ნომრებიც ხომ არ ხდება 7 ნიშნა?

    წინასწარ მადლობა

  16. რავიცი რავიცი იმედია \გამოსწორდება რამე მაგ მხრივ(და სხვა მხრივაც) აბა მიხუილ მშიშარას ძალა დასუსტდა და ვნახოთ იქნება აუწვან ერთი ადგილი მონოპოლისტებს…..
    არადა კარგი იქნებოდა

კომენტარის დამატება